ბაჩუკი ქირია: ჯერ კიდევ ბევრი ადგილი დამრჩა, სადაც მოგზაურობა ცხოვრებას ახლებურად დამანახებს

ბაჩუკი ქირია წარმატებული ბიზნესმენი და საინტერესო ადამიანია. ამჟამად, ხელმძღვანელობს სამშენებლო დეველოპერულ კომპანიას S Development-ს და იურიდიულ ფირმას City Lawyer.
ჩემი რესპონდენტი მედიასაშუალებებში იშვიათად ჩნდება, მიიჩნევს რომ პროფესიონალმა თავისი საქმე ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა აკეთოს. წარმატებული იურიდიული კარიერის განმავლობაში კეთილი საქმეებიც უკეთებია, ხმამაღლა არც ამის შესახებ უსაუბრია. თვლის, რომ ყველაფერს პრინციპული ხასიათისა და დიდი შრომის ფასად მიაღწია.
ინტერვიუზე დაგვთანხმდა, იმ პირობით რომ მის მიერ დაფუძნებული ტურისტული სააგენტოს Planet Travel G-ს შესახებ ვისაუბრებდით. ახლადშექმნილი ტუროპერატორი საზოგადოებას საინტერესო სიახლეებს და არაერთ გამორჩეულ ტურს შესთავაზებს.

 

– მრავალი წელია, ორ ორგანიზაციას ხელმძღვანელობთ. ერთ-ერთი მათგანის მართვაც კი სერიოზული ტვირთი იქნებოდა ადამიანისთვის, თქვენ კი ცოტა ხნის წინ ტურისტული კომპანიაც ჩამოაყალიბეთ. თქვენი საქმიანობა წარმატებული იმიტომ არის, რომ საკუთარ თავზე იღებთ დიდ პასუხისმგებლობას? თუ პირიქით, პასუხისმგებლობის გადანაწილება არის თქვენი სტრატეგია?

– ვაღიარებ, რთული კითხვაა, პასუხიც არ იქნება მარტივი. ვფიქრობ, ტვირთი არ არის იმ საქმის კეთება, რაც გიყვარს და რაც შენი ცხოვრების სტილია. ვფიქრობ, დაიცვა ადამიანის უფლებები, თუ ბიზნესის ინტერესები, არის შესაძლებლობა. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სახელმწიფო ბრალმდებლად, ან მოსამართლედ. ცუდად არავინ გაიგოს, არ ვამბობ რომ პროკურორი, ან მოსამართლე ცუდ საქმეს აკეთებს, პირიქით, მათ გარეშე ცივილიზებული სამყარო ვერ იარსებებდა და მე პირადად, უამრავ მათგანთან დიდი მეგობრობაც მაკავშირებს. ამჟამად, ვსაუბრობ მხოლოდ საკუთარ თავზე და ვიტყოდი, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც ნამდვილად იცის.

რაც შეეხება მენეჯმენტს, პასუხისმგებლობის გადანაწილება გუნდზე, უპირველესად, სამართლიანია, უდაოდ, დემოკრატიულია, წარმოშობს მოტივაციას. რაც მთავარია, ეყრდნობოდე და გჯეროდეს პროფესიონალთა გუნდის – საამაყოა.

– აკადემიური პროფესიით სამართლის მაგისტრი ხართ. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ სწორად შეარჩიეთ პროფესია?

– დაუფიქრებლად ვიტყოდი, კი. მე იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, მეორე შანსი თავიდან რომ მქონდეს, მაშინაც იურისტი გავხდებოდი. ეს არის პროფესია, რომელიც ჯერ საკუთარი უფლებების დაცვაში გეხმარება, ცოდნა რომელიც გიცავს კონკურენტებისაგან, მოწინააღმდეგეებისაგან.

– როგორც ვხვდები, თქვენი ცხოვრება ყველაზე მჭიდროდ იურიდიულ საქმიანობას უკავშირდება. მაინც რატომ არის ეს პროფესია თქვენთვის ამდენად მნიშვნელოვანი?

– რთულია ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცე, მაგრამ ვიტყოდი, რომ მე იურისტობით ვისწავლე საკუთარი უფლებების დაცვა, ასევე, დავიცავი ასობით უდანაშაულო ადამიანი, ათობით კომპანია ვიხსენი რეალური პრობლემებისაგან, ბევრი ბიზნესი გაკოტრებას გადავარჩინე. ჩემი პროფესიის წყალობით აღმოვჩნდი მშენებლობის ბიზნესშიც. მე საქმეში ფულად კაპიტალზე უფრო, ცოდნა და ჩემდამი ნდობის კაპიტალი ჩავდე და შედეგი დადებითია. მხოლოდ ხელმოცარულები იტყვიან რომ – უბრალოდ გამიმართლა.

 თქვენთის როგორც იურისტისთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია სიმართლე თუ სამართალი? 

– სამწუხაროდ, სიმართლე ხშირად არ არის კანონიერი. შესაძლებელია იყოს კანონიერი,  მაგრამ არ იყოს სამართლიანი და ამ პრობლემის მოსაგვარედლად არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც აქვს უფლება არასამართლიანი კანონები შეცვალოს, ან გააუქმოს. ამავე დროს, თუ კანონიერ ძალაში არსებულ კანონს არ დავიცავთ, ვერ განვავითარებთ დემოკრატიას. მოქმედი კანონის დაუცველობა, ნებისმიერი პირის შეხედულების გათვალისწინებით, მიგვიყვანს ანარქიამდე. რაც არ უნდა დავუშვათ და შესაბამისად, ვიტყოდი რომ სამართლაინობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

– წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ამ ხანგრძლივ და რისკებით სავსე პროცესში, თქვენთვის ყველაზე რთული რა იყო?

– სირთულე ბევრია ნებისმიერ საქმეში, მაგრამ გამოვყოფდი რამდენიმეს. იურიდიულ ნაწილში, დამღლელი სირთულეა უსამართლობა საგამოძიებო და სასამართლო სისტემაში, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებითად გამოსწორდა, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ „დეკლარირებული მიზნებისაგან“. სამართლიანი სასამართლო უპირობო გარანტიაა, ბიზნესის განვითარების, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების, მაღალი ინვენსტირების და მრავალი სხვა პრობლემების სწრაფად გადასაჭრელად. ყოველივე ეს კი – ეკონომიკის და სახელმწიფოებრიობის განვითარების და ტრანსფორმირების გარანტიაა. მშენებლობის ნაწილში, უმნიშვნელოვანესია მოძებნო გუნდი და შექმნა ის ბირთვი, რომელსაც დაეყრდნობი და რომლითაც შემდგომ იამაყებ. მითუმეტეს, უნდა ვაღიაროთ რომ საქართველოში პროფესიონალი კადრებით არ ვართ განებივრებულნი.

– მთავარი საყრდენი, რომ ჰარმონიულად იცხოვროთ საკუთარ თავთან და საქმესთან – თქვენშია, თუ სადღაც გარეთაც არის?

– სადღაც არა. ამაზე წეღანაც გიპასუხეთ, ბიზნესში მთავარი დასაყრდენი ძალა არის ის გუნდი, რომლისაც გჯერა და რომლის გარეშეც არაფერი გამოდის.

– „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა არის ევროპა?

– სიამაყით ვიტყოდი, რომ უდიდესი კულტურის ერი ვართ. ჩვენი წინაპრები ევროპაზე ადრე ცხოვრობდნენ დასავლური ღირებულებებით. მსოფლიოში პირველად, მეფე ქალმა – თამარმა დაუშვა მონარქიის შეზღუდვა დასით, ანუ პარლამენტის ისტორიას საფუძველი ჩაეყარა სწორედაც რომ საქართველოში. მსოფლიოში პირველად, საქართველოში ქალს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და აქ, ქრისტიანულ ქვეყანაში მუსლიმი ქალი თანამდებობაზეც აირჩიეს. დიახ, ეს ჩემი ქვეყნის ისტორიაა და მე ევროპელი ვარ.

ევროპელობა დღეს, ნამდვილად არის ცივილიზაციის, დემოკრატიის, კეთილდღეობის, თავისუფლების, თანასწორობის და მშვიდობის იდეა და ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრები. იცხოვრო ევროპულ საქართველოში ნიშნავს სახელმწიფოს არსებობას, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიული მმართველობა, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობა. სამართლიანი სასამართლოს არსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად პოლიტიკოსის შეურაცხყოფა 2 წლამდე პატიმრობით დასაჯო, ხოლო რიგითი მოქალაქის თუნდაც მსუბუქი ცემის ფაქტზე მხოლოდ გამოძიება დაიწყო. ევროპელობა ნიშნავს, რომ ვკრძალავთ ჩაგვრას, დისკრიმინაციას.

–  „მოგონებები ერთადერთი სამოთხეა, საიდანაც ვერავინ გამოგვდევნის“, ასეა? 

– ტურისტული კომპანიის ჩამოყალიბება იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მოგზაურობაში გავატარე, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მონახულება საინტერესო მოგონებებად რჩება ადამიანის წარმოსახვაში. ეს ცხოვრება იმისთვისაც ღირს, ბევრი ვიმოგზაუროთ, გავეცნოთ სხვადასხვა კულტურას, ვნახოთ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი გასაოცარი ისტორიული ძეგლები, დავაგემოვნოთ გემრიელი კერძები, არ დავივიწყოთ ტრადიციები. მოგზაურობა კარგი შესაძლებლობაა სასიამოვნო მოგონებების შესაქმნელად. ვისურვებდი, საქართველოში ბევრ ადამიანს ჰქონდეს მსოფლიოს გასაოცარი ადგილების მონახულების შესაძლებლობა, ჩვენი ტურისტული კომპანია ამ მიმართულებით, არაერთ ხელსაყრელ შეთავაზებას და სიურპრიზს შესთავაზებს საზოგადოებას.

– როგორ ფიქრობთ მოგზაურობის მოყვარული ადამიანი უფრო მეამბოხეა, თუ თავისუფალი?

– ვფიქრობ, უდაოდ თავისუფალი.

– ლიხტენბერგი ამბობდა: „ყველაზე საინტერესო რელიეფი დედამიწის ზურგზე – ადამიანის სახეა“ , თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– გეთანხმებით, ადამიანის სახეზე და სხეულზე კარგად აისახება მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, ემოციები, სიხარული, სევდა. გაგიგონიათ გამოთქმა, რომ თვალები სულის სარკეა. ზოგს გამოხედვაზეც ეტყობა, როგორი შინაგანი სამყაროს მატარებელია. სულიერებასათან ერთად, მნიშვნელოვანია ინტელექტიც.

– და მაინც, ბევრ ქვეყანაში გიმოგზაურიათ, პლანეტის რომელი ადგილი აღმოჩნდა თქვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი?

– დამაფიქრებელი კითხვაა, ასე ვუპასუხებდი: ფრანგული სოციალიზმი, მონაკოს არისტოკრატია, ⁠ბერძნული კულტურა, ჰოლანდიური და შვეიცარიული თავისუფლება, ქვიშაზე 50 წელიწადში აღმოცენებული ემირატთა სამოთხე, ეთიოპიის კოსმოსური ტყეები და უფრო ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადგილი დამრჩა, სადაც მოგზაურობა, ნამდვილად, ცხოვრებას განსხვავებულად დაანახებს ადამიანს და მათ მოგვიანებით შევაჯამებ.

– ილონ მასკის ინოვაციურ პროექტებზე რას ფიქრობთ, რეალურად მიგაჩნიათ მარსზე კოლონიის შექმნის იდეა?

– XXI საუკუნის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ელექტრონულ ეპოქაში შეუძლებელი არაფერია. მთვარეზე, ან თუნდაც მარსზე დასახლებას რაც შეეხება, ეს ალბათ, უახლოეს ათწლეულებში მხოლოდ ექსპერიმენტების და კვლევების საგანი იქნება. სამომავლოდ გამორიცხული არაფერია. სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, პროგნოზირებენ, რომ ეს რეალობას შეცვლის. შეუძლებელია დანამდვილებით თქვა, თუ რა იქნება ხვალ.

– რა სერვისებს სთავაზობს Planet Travel G საზოგადოებას?

– ტუროპერატორი Planet Travel G საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო სერვისს. ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესს, გვექნება ტურები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ვპირდებით არაერთ სასიამოვნო სიახლეს და სარფიან შეთავაზებებს, რომელთა შესახებ შეიტყობთ ჩვენი ვებგვერდის და სოციალური ქსელის მეშვეობით. Facebook-ის გვერდზე ხშირად გვექნება ვიქტორინები, ქვიზები და გათამაშებები, გამარჯვებულები ისარგებლებენ დიდი ფასდაკლებით. ზოგიერთ იღბლიან მონაწილეს კი სრულად დაუფინანსდება მოგზაურობა.

ავტორი:

ინა ქორიძე

პროფილის ნახვა